მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრი ევროკავშირისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მერების შეთანხმების „სადემონსტრაციო პროექტების“ (CoMDeP) პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს ქ. რუსთავში სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ რეკონსტრუქციას.
პროექტის – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებისა და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ ფარგლებში, ქ. რუსთავში უკვე წარმატებით განხორციელდა #6 და #40 საბავშვო ბაღების სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია.
მიმდინარე წლის 23 მაისს დაიწყო #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას რუსთავის მერი, დავით ჯიქია, ვიცე-მერი ნოდარ შეროზია და მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, პროექტის მენეჯერი, კარინე მელიქიძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში #41 საბავშვო ბაღში გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის, ახალი ელექტროტექნიკური სისტემის, ენერგოეფექტური ფანჯრების დამონტაჟება მოხდება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია ,,M-ლაინი“ შეასრულებს.
#41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება. სექტემბრიდან #41 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, ახალი, კომფორტული შენობა და გარემო-პირობები დახვდებათ.
ამ დროისთვის, ქ. რუსთავის #6 და #40 საბავშვო ბაღების სრული ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დასრულებულია.