2017 წლის 15 ივნისს, მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში, მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა.
კლიმატური ცვლილებები და ენერგეტიკა ის თემებია, რომელთა მნიშვნელობა დღეს სულ უფრო აქტუალური ხდება. „დავზოგოთ ენერგია, გავუფრთხილდეთ ბუნებას, ვეცადოთ გამოვიყენოთ განახლებადი და სუფთა ენერგორესურსები“ – ასეთია მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეულის დევიზი.
თვითმმართველი ქ. რუსთავი, როგორც ევროკომისიის „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი, იღებს ვალდებულებას, საკუთარ ტერიტორიაზე 2020 წლისათვის 20%-ით შეამციროს ნახშირორჟანგის ემისიები განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების ხელშეწყობისა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ეკონომიკურ თუ სოციალურ პროცესებში ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებით.
2011 წლიდან, ქ. რუსთავში, ენერგოეფექტურობის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება.
„მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორმა, კარინა მელიქიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის-„ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტების მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“- პრეზენტაცია გააკეთა. პროექტის მიზანია მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება, მთავარი დამფინანსებელი – ევროკავშირი, მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტების ფარგლებში.
რუსთავის მუნიციპალიტეტის წილი მთლიანი ბიუჯეტის 20.06%-ს შეადგენს. პროექტი მიზნად ისახავს ქ. რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (#6, #40 და #41) შენობის რეაბილიტაციას, თანამედროვე ენერგო ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მონტაჟს. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებას გაზარდოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.
ამ ეტაპზე ქ. რუსთავის #6 და #40 საბავშვო ბაღების სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია დასრულებულია. #41 საბავშვო ბაღის რაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაწილეები რეაბილიტირებულ #6 საბავშვო ბაღს ესტუმრნენ და ბაღის აღსაზრდელების ნახატების გამოფენა დაათვალიერეს.
აღნიშნულ ღონისძიებას მარნეულის, წალკის, დმანისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების წარმომადგნელები ესწრებოდნენ ბოლნისის.