ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენერგოეფექტური პროექტი საქართველოში ენერგოდაზოგვების პოტენციალის მაჩვენებელია

ქ. რუსთავში, სამი საბავშვო ბაღის წარმატებული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ენერგიის გამოყენებას 50 %-ით შეამცირებს.

2017 წლის 27 სექტემბერს, მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრმა შემაჯამებელი კონფერენცია გამართა – „საქართველოს გამოცდილება ევროკავშირის ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების კუთხით“, სადაც მოხდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ – შედეგების პრეზენტაცია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. ასევე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტისა და „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოში შენობები ძალიან არაეფექტურია ამ შენობების ასაკიდან და სამშენებლო სტანდარტებიდან გამომდინარე. ასევე, ახალი შენობებისთვის თანამედროვე ენერგო რეგულაციების ნაკლებობის გამო. შედეგად, ბევრი სახელმწიფო და კერძო შენობა საკმარისად არ თბება, რაც მთლიანობაში უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ეკონომიკურ მოღვაწეობაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე. აქ წარმოდგენილი პროექტი ამტკიცებს, რომ ახალი ინვესტიციები ენერგოეფექტურ შენობებში, მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მოხარულია იყოს ამ პროცესის მონაწილე“, – აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსმა, ვინსენტ რეიმ.

SDAP ცენტრის დირექტორმა, კარინე მელიქიძემ წარმოადგინა განხორციელებული პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რაც საბავშვო ბაღების შენობების თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებდა, კერძოდ: ენერგოეფექტური კარფანჯრების დამონტაჟებას თბოსაიზოლაციო ფირებით; ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების მონტაჟს მზის კოლექტორებთან კომბინაციაში; მოდინებულიგამწოვი სავენტილაციო სისტემის ფირფიტოვანი რეკუპერატორის დამონტაჟებას; ახალი ელექტროტექნიკური სისტემის მონტაჟს ლუმინისცენტური სანათებით; #6 და #40 საბავშვო ბაღების შენობების გარე კონსტრუქციების (კედლების, სახურავის, იატაკის, სარდაფის ჭერის) თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნებას. დათბუნების ტექნიკური დიზაინი შემუშავდა ევროკავშირის ETICS-ის ინსტრუქციის მიხედვით.

ქ. რუსთავის #6, #40 და #41 საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას გაზარდოს ენერგო უსაფრთხოება, შეამციროს ენერგიის მოხმარება და ემისიების გამოყოფა.

აღნიშნული ბაღების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია 50 %-ით შეამცირებს ენერგომოხმარებას და CO2 ემისიების გამოყოფას.

პროექტი განხორციელდა 2015-2017 წლებში. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 808 765 ევროს (2.4 მილიონი ლარი), ევროკავშირის წილი – 646 527 ევრო (1.9 მილიონი ლარი), რუსთავის მუნიციპალიტეტის წილი – 162 236 ევრო (500, 000 ლარი).

პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მერების შეთანხმების „სადემონსტრაციო პროექტების“ (CoMDeP) ფარგლებში, რომლის მიზანია გვაჩვენოს მდგრადი ენერგეტიკული სამოქმედო გეგმის (SEAP) განხორციელების სარგებელი.

მერების შეთანხმების შესახებ:

2008 წელს, მას შემდეგ რაც მიიღეს ევროკავშირის შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკის სფეროში, ევროკავშირის ინიციატივით შედგა მერების შეთანხმება, რათა მხარი დაეჭირათ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის გატარებაში. მერების შეთანხმება უნიკალური მოძრაობაა, რომელმაც წარმატებით გააერთიანა ადგილობრივი და რეგიონული მთავრობები სამოქმედო გეგმების შემუშავების და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული შედეგების შესასუსტებლად პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების მიზნით.

საქართველოში მერების შეთანხმების ათი ხელმომწერია: ახალციხე, ბათუმი, ბოლნისი, გორი, ქუთაისი, მცხეთა, რუსთავი, თბილისი, თელავი და ზუგდიდი.

                
 

Leave a Reply