ევროკავშირის წარმომადგენლებმა სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს

მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, კარინა მელიქიძე ევროკავშირის ,, მერების შეთანხმების ” სადემონსტრაციო პროექტების (CoMDeP) მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელ იან ვანდერსთან და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობიდან კარინა იანსონესთან ერთად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს დავით ჯიქიას და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს პაატა ხიზანაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის – “ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (# 6, # 40, # 41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით” მიმდინარეობა შეაფასეს, შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს, მოგვიანებით, კი ბაღებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ევროკავშირის ,, მერების შეთანხმების ” სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის (CoMDeP) ფარგლებში, რუსთავის # 6 და # 40 საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. აღნიშნულ საბავშვო ბაღებში უკვე დასრულებულია გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული – გამწოვი სავენტილაციო სისტემისა და ენერგოეფექტური კარ-ფანჯრის მონტაჟი. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, რომელიც # 6 და # 40 საბავშვო ბაღებში წარმატებით მიმდინარეობს, გათვალისწინებულია შენობების გარე კონსტრუქციების, კედლების, სახურავის, სარდაფის ჭერის, სხვენის თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნება.

პროექტს “ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (# 6, # 40, # 41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით”, მერების შეთანხმების “სადემონსტრაციო პროექტების” პროგრამის (CoMDeP) ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, რუსთავის მერია და მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის საერთო ღირებულება 808 765 ევროს შეადგენს, აქედან 646 527 ევროთი ევროკავშირი, ხოლო რუსთავის მუნიციაპლიტეტი 162 238 ევროთი აფინანსებს.

Leave a Reply