მდგრადი ენერგეტიკის დღე რუსთავში

2016 წლის 12 ივნისს, ქ. რუსთავში, „ევროპული მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში მდგრადი ენერგიის დღე აღინიშნა. ქ. რუსთავის მერიამ და „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრმა“  რუსთავის ცენტრალურ პარკში, განახლებადი ენერგიისა და ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების საკითხებისადმი მიძღვნილი  რამდენიმე ღონისძიება გამართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველომ”.

მოეწყო ტრადიციული ველორბოლა, ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფოტოებისა და ბავშვების ნახატების გამოფენა. „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორმა, კარინა მელიქიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის-„ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტების მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“- პრეზენტაცია გააკეთა. პროექტის მიზანია მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება, მთავარი დამფინანსებელი -ევროკავშირი, მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტების ფარგლებში.

რუსთავის მუნიციპალიტეტის წილი  მთლიანი ბიუჯეტის 20.06%-ს შეადგენს. პროექტი მიზნად ისახავს ქ. რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (#6, #40 და #41) შენობის რეაბილიტაციას, თანამედროვე ენერგო ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მონტაჟს. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებას გაზარდოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ქ. რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ, ნოდარ შეროზიამ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ გუგეშაშვილმა, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.

თვითმმართველი ქ. რუსთავი, როგორც ევროკომისიის „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი, იღებს ვალდებულებას, საკუთარ ტერიტორიაზე 2020 წლისათვის 20%-ით შეამციროს ნახშირორჟანგის ემისიები განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების ხელშეწყობისა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ეკონომიკურ თუ სოციალურ პროცესებში ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებით.

2011 წლიდან, ქ. რუსთავში, ენერგოეფექტურობის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება.

Leave a Reply