პროექტის – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (№6 №40 №41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“

პროექტის – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (№6 №40 №41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ – პირველი და მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციის სამუშაოები  N6 და 40 საბავშვო ბაგა-ბაღებში დასრულებულია.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, ორივე საბავშვო ბაღში  გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის, ახალი ელექტროტექნიკური სისტემის და ენერგოეფექტური ფანჯრების დამონტაჟება, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში, ორივე შენობის კედლების, სახურავის, სარდაფის ჭერის მინერალური ბამბით დათბუნება განხორციელდა.

პროექტი ევროკავშირისა და  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა განახორციელა. მისი საერთო ღირებულება 808 765 ევროს შეადგენს, სადაც რუსთავის მუნიციპალიტეტის წილი 162 238 ევროა.

რეაბილიტირებული N6 ბაგა–ბაღი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჯიქიამ და მერის მოადგილემ დავით ლობჟანიძემ მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრის ხელმძღვანელ კარინა მელიქიძესთან ერთად დაათვალიერს. მათ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები შეაფასეს და ბაგა–ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.

მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა, კარინა მელიქიძემ, საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელს ენერგოეფექტურობის თემაზე შექმნილი გასაფერადებელი და ფერადი ფანქრები გადასცა. მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის მოეწყო პრეზენტაციები პროექტის განხორციელებისა და ბაღებში დანერგილი ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბაღების სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის შედეგად CO2 ემისიები #6 საბავშვო ბაღში წელიწადში 35.42, ხოლო #40 საბავშვო ბაღში წელიწადში 110.68 ტონით  შემცირდება. ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის დაზოგვის მაჩვენებელი #6 საბავშვო ბაღში წელიწადში 188 085, ხოლო #40  ბაღში წელიწადში 575 727 კვტს იქნება.

პროექტის – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის (№6 №40 №41) რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ ფარლებში შერჩეული მესამე, #41 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის ზაფხულში განხორციელდება.

 

Leave a Reply